საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტის ანგარიში

25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის MaсroLab-ის წევრები სამეცნიერო ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილებაში.

ფულის ნიშნების და საქართველოს ოქროს ფონდის კოლექციის დათვალიერებამ სტუდენტებს საშუალება მისცა ისტორიული და ეკონომიკური პროცესები ფულად-საფინანსო სისტემების განვითარების კუთხით განეხილათ. სხვადასხვა ეპოქის საექსპონატო ნიმუშები ნათლად გამოხატავს სახელმწიფოს პოლიტიკური ძალაუფლების, მისი ეკონომიკური განვითარების ტრანსფორმაციის და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების მასშტაბებს. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ნუმიზმატიკის განყოფილება უნიკალურ წყაროს წარმოადგენს ეკონომიკური ისტორიის კვლევისთვის, რადგან მონეტა კონკრეტული ეპოქის იდეოლოგიურ, კულტურულ და ინსტიტუციურ განვითარებას ასახავს. ამ საკითხების განხილვა სამეცნიერო თვალსაზრისით განსაკუთრებით ღირებული აღმოჩნდა სტუდენტებისთვის.

საქართველოს მონეტარული სისტემის ფორმირების ისტორიული პროცესის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელმა, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა მედეა შეროზიამ, რომელმაც სტუდენტებს გააცნო ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის კვლევის ძირითადი მიმართულებები და მისი მნიშვნელობა ეკონომიკური ანალიზისთვის. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოხსენებები წარმოდგინეს სტუდენტებმა: მანანა გიგაურმა (მე-3 კ.) და თამარ გიგინეიშვილმა (მე-4 კ.)

სტუდენტთა სამეცნიერო წრე მადლობას უხდის საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, პირადად, ბატონ დავით ლორთქიფანიძეს საინტერესო შეხვედრისთვის და სამეცნიერო თანამშრომლობისთვის. აღინიშნა, რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სტუდენტთა სამეცნიერო აქტიობას, მათი თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებასთან ინტეგრირებას.

ვიზიტის მონაწილეები მადლობას უხდიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციას, პირადად, მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის ხელმძღვანელს, ქალბატონ მარინა ტაბატაძეს, სტუდენტებისთვის მუდმივი მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის.

თამარ გიგინეიშვილი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მაკროეკონომიკის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის თავმჯდომარე

მანანა გიგაური - თავმჯდომარის მოადგილე

 

თარიღი: 29/12/2025